"ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს" - შშმ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ
5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "შშმ ქალთა ალიანსმა" და სმენისარმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ, რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.
„ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის მეშვეობით, რომელმაც მითხრა, რომ შშმ გოგონებზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მომეკვლია ეს ამბები და ვთხოვე დამხმარებოდა ინფორმაციის შეგროვებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მას დაუკავშირდა შშმ ქალთა უფლებების ერთ-ერთი დამცველი, აქტივისტი თათია დათაშვილი და მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩათებში.
„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს“, – აცხადებს დეა ერემაშვილი.
„ამ ამბების შესახებ გავიგე ერთ-ერთი ბიჭის ინსტაგრამიდან, სადაც ამის შესახებ წერდა და იქვე აქტიურად განიხილავდნენ ამ ვიდეოების ამბავს.
მანამდე ერთ-ერთ გოგონაზე ვეჭვობდი, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ვერ ვადასტურებდი. ამიტომ ამ ბავშვის სტატუსს ყურადღება მივაქციე და მოკვლევა დავიწყე“, – აცხადებს თათია დათაშვილიც.
მისი თქმით, შშმ გოგონები უცხოდ არ აღიქვამენ მოძალადე პირებს.
„აქ ყველა ყველას იცნობს, ზოგი შესაძლოა მათი მშობლების მეგობარია, ამიტომ როცა უფროსი ადამიანი მასთან მიდის და ეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთოს და ეს ნორმალურია, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს სწორია“, – ამბობს თათია დათაშვილი.
„ბათუმელები“ უფლებადამცველების თანდასწრებით ესაუბრა 17 წლის მოზარდსაც, რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა გოგონებზე ძალადობის შესახებ.
„მე ამ ვიდეოების შესახებ მითხრა ერთ-ერთმა გოგონამ. როგორც გავიგე, გოგონებს სქესობრივი აქტის დროსაც უღებდნენ ვიდეოებს და შემდეგ ეს კაცები ერთმანეთს უზიარებდნენ ჩათებში.
აქ საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე. როგორც მითხრეს, ეს ხდებოდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისსა და ქუთაისში.
ეს ადამიანები არ არიან ამ ბავშვებისთვის უცხო პირები, „წამო წაგიყვან საშაურმეში“, „გაგასეირნებ“, ეუბნებიან. აძლევენ კანფეტებს, სადღაც პატიჟებენ და ისინიც ენდობიან.
ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც მსგავსი დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და არის ისეთი ვიდეოებიც, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგოებს სექსს ან სთხოვენ შიშველი კადრების გაგზავნას და შემდეგ ამ კადრებს ავრცელებდნენ პედოფილების ჯგუფებში“, – ყვება 17 წლის მოზარდი.
ინფორმირებული პირების თქმით, ეს პროცესი ახლახან არ დაწყებულა, არსებული ვიდეოები სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაშია გადაღებული.
„ეს არის ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ადრინდელი ვიდეოებიც იქნება და თუკი გამოძიება იქნება სათანადო, ყველაფერი გახდება ნათელი“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
როგორც დეა და თათია გვეუბნებიან, გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში მინიმუმ 12 კაცია ჩართული, მათგან სამი ბათუმში ცხოვრობს.
როგორც 17 წლის მოზარდი ამბობს, ვიდეოგადაღების შესახებ ძალადობის მსხვერპლმა გოგონებმაც იცოდნენ, თუმცა ზოგიერთი პატარა ასაკის გამო ვერ აცნობიერებდა მომხდარს, ზოგიერთი კი შიშის გამო დუმდა.
„რადგან ბრალი ოფიციალურად არ აქვთ წარდგენილი, ძალადობაში ბრალდებული კაცების ვინაობას ჯერ არ ვასაჯაროებთ. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია.
ბევრი შშმ გოგოა, რომლებმაც არ იციან თავიანთი უფლებები – სამწუხაროდ, ცნობიერების დაბალი დონე აქვთ, რადგან ინფორმაციის მიღების ძალიან მწირი საშუალებები აქვთ. შესაბამისად, უჭირთ იმის გაგება, რა არის ძალადობა. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამოყენება“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ერთ-ერთ ქალს, რომლის შვილიც 2019 წელს ასევე გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ოჯახი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა როგორც ქალი ამბობს, თუკი გამოძიება დაინტერესდება, მზად არის, მისცეს ჩვენება იმ პირის შესახებ, ვინც მის 8 წლის გოგონას სასქესო ორგანოებზე ხელით შეეხო.
„ეს იყო 2019 წლის სექტემბერში, როცა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ამ ადამიანისგან გვქონდა ჩვენ ბინა ნაქირავები და ვიცნობდი მას.
როგორც გავიგე, ეს კაცი ეკონტაქტება ბავშვებს ონლაინში და სექსს სთავაზობს. ისიც მითხრეს, რომ ამ კაცის დანახვაზე ბავშვები ტირიან და მისი ეშინიათ. თუკი დაინტერესდება პროკურატურა, მე მივაწვდი ინფორმაციას“, – აცხადებს გაოცემასთან გოგონას დედა.
ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე აჭარის პროკურატურაში განცხადება ივნისს, შევიდა, თბილისის პროკურატურამ კი 7 ივნისს დაიბარა მარიამ დევიძე, რომელიც შშმ ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობს.
„ამ ვიდეოების არსებობის შესახებ მითხრეს ნაცნობმა შშმ გოგოებმა და როცა ვუთხარი, რომ ვიკვლევდი ამ ამბავს, შემდეგ თვითონ გამომიგზავნეს მტკიცებულებები. პოლიციას უკვე მივმართე, პროკურატურაში კი ოთხშაბათს ვარ დაბარებული“, – აცხადებს მარიამ დევიძე.