15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა, ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება - რას ამბობს მარიამ მაზიაშვილის და, ყოფილ სიძეზე?
თბილისში 27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მარიტა მაზიაშვილის დის, მაია მაზიაშვილის თქმით, ბრალდებული მის დას შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა.
"მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.
მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და მკურნალობის კურსს კლინიკაში სწორედ ამიტომ გადიოდა.
"ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა მაია მაზიაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან".
მოკლული ქალის და ამბობს, რომ მარიტას ყოფილი ქმრის მუქარის თაობაზე სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს.
27 წლის მოკლულ ქალს 11 წლის შვილი დარჩა.