რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციებს არ არღვევს - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციებს არ არღვევს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
"მშვენივრად იცით, ვისაც ვგულისხმობ. ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ ეს ავიარეისები რაღაცა აკრძალვებს არღვევს. სინამდვილეში, ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ სასანქციო რეჟიმებს არ არღვევს. ამის მიუხედავად, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ და სუვერენულ სახელმწიფოებს ორმაგ სტანდარტებს თავზე ახვევენ, რაც რეგიონში არსებულ სიტუაციას ართულებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის მაისის ბოლოს მიიღო. 19 მაისს მოსკოვი-თბილისი მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.