თეგებით ძიება

"მოხუცის დასახმარებლად მე-9 სართულზე სახანძრო კიბით ავიდა და დაგადაარჩინა... ღარიბაშვილმა საჩუქრად იარაღი გადასცა" - რას წერენ ქართველ პოლიციელ ქალზე, რომელიც აშშ-ში გარდაიცვალა?

ჟურნალისტი, ვახო ხუზმიაშვილი აშშ-ში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტ ლია პარკაულზე წერს, რომელიც ერთ-ერთი პირველი პატრული ქალი იყო საქართველოში.

ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში პარკაულის შესახებ ხვადასხვა ისტორიას იხსენებს.

"ლია ამერიკიდან დღეს გამოფრინდება... ამ დღეს, ყველაზე მეტად, მისი დედა და ლალი, მისი და ელოდებოდნენ. დედა, რომელსაც ერთი შვილი უკვე დაკარგული ჰყავდა. ამ დღეს ყველა ველოდით, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ხდება. თბილისში და განსაკუთრებით ვაკეში, ერთ-ერთ პირველ პატრულ ქალს ყველა იცნობდა.  მინახავს, როგორც მკაცრი პოლიციელი, ასევე  სხვების დამხმარე. ერთხელ, მოხუცის დასახმარებლად, მრავალსართულიანი კორპუსის მე-8 თუ მე-9 სართულზე სახანძრო კიბით ავიდა და მოხუციც გადაარჩინა. ერთხელაც, ჭავჭავაძის გამზირზე ორი შეიარაღებული კაცი, რომლებმაც სავაჭრო ობიექტი დააყაჩაღა, მიწაზე დაყარა და იარაღის ნაცვლად, რაცია მიუშვირა : დაწექით თორემ გესვრითო. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იყო, იარაღს არ იყენებდა. ისიც გამახსენდა, ვარაზის ხევში, როგორ მისდევდა მაღალქუსლიანებით დანით შეიარაღებულ კაცს, რომელმაც ჯიხური დაყაჩაღა, დაეწია, დააწვინა და დააკავა კიდეც-"რას გარბოდი ამხელა კაცი, რას მარბენინებდიო... ავტომანქანასაც საოცრად მართავდა, შეუდარებელი იყო დევნის ოპერაციებში და წინა ხაზზე იდგა ლია. პოლიციიდან წასვლამდე, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჩუქრად იარაღი გადასცა და მადლობის სიგელი. დამსახურებული მაიორი, პოლიციელობიდან დამსახურებულად და სიამაყით წავიდა... პოლიციელობის მიღმა იყო, საოცარი მეგობარი. გვეუბნებოდა, რომ მალე ჩამოვიდოდა. რამდენიმე საათში შენს დასახვედრად აეროპორტში მოვალთ", - წერს ხუზმიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა