სასამართლომ ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე უარს აცხადებს - თბილისის მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ინვესტორს სასამართლომ აღუდგინა. მათივე ცნობით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე უარს აცხადებს.
„2017 წლის ივლისში, წინა მერიის ადმინისტრაციის პერიოდში გაიცა მშენებლობის ნებართვა (ცინცაძის ქუჩა 58ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე. მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე, თბილისის მერიის უკვე ახალმა ადმინისტრაციამ მშენებლობის ნებართვა გააუქმა, რომელიც შემდგომში კომპანიის მიერ განსახილველად სასამართლოს გადაეცა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ძალაში დარჩა. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა არაერთგზის სცადა კომპანიასთან მოლაპარაკება მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის მიზნით, თუმცა კომპანიამ ყოველ ჯერზე უარი განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია უარს აცხადებს ადგილმონაცვლეობის განხილვაზეც კი. მერიის მიერ უკანასკნელი შეთავაზება კომპანიას მიმდინარე წლის დასაწყისში გაეგზავნა ოფიციალურად. მოლაპარაკების პროცესში მოსახლეობაც ჩართული იყო, თუმცა კომპანია კვლავ უარს ამბობს მონაცვლეობაზე“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ცინცაძის 56 და 58 ნომრებში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი მეოთხე კვირაა, გრძელდება. ისინი მათი საცხოვრებლების მიმდებარედ ახალი კორპუსის აშენების შესახებ გაცემულ ნებართვას აპროტესტებენ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეები დღეს დედაქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.