შატილის ავარიის საქმეზე დაკავებული ტურისტული კომპანიის მფლობელი ციხიდან წერილს ავრცელებს
ტურისტული კომპანიის მფლობელი, შალვა ბოლოთაშვილი, რომლის ტური 2020 წლის 23 აგვისტოს შატილში ტრაგედიით დასრულდა, ციხიდან წერილს ავრცელებს.
2020 წლის 23 აგვისტოს, თბილისის დროით 17 საათზე სოფელ ბისოს მიმდებარედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. შატილიდან თბილისისკენ მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა გადავარდა ხევში, რომელიც მძღოლი არუთინ ალავერდოვის მართვის ქვეშ იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევს მოჰყვა მსხვერპლი. ლევან სამხარაულის სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლი არუთინ ალავერდოვი იმყოფებოდა მაღალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მის სისხლში აღმოჩნდა დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი ეთილის სპირტი.
ავტოავარიამდე მკვეთრ მოსახვევში სადაც გადავარდა ნასვამი მძღოლის არუთინ ალავერდოვის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსი სიჩქარი შეზღუდვის ნიშანი იყო დასმული, რომელიც მძღოლს მაქს. 55კმ/სთ სიჩქარის განვითარების ნებას რთავდა, ავტოსაგზაო შენთხვევის გამოძიების დროს ლევან სამხარაულის სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღნიშნულ მკვეთრ მოსახვევში უსაფრთხო შესვლის მაქსიმალური სიჩქარე იყო 27 კმ/სთ. ექსპერტმა სასამართლოზე თქვა, რომ 27 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით თუ შევიდოდა მძღოლი ამ მოსახვევში ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაუვალი იქნებოდა.
ყოველივე ამის პარალელურად მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სამშენებლო კომპანიამ და მათმა მფარველმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არასწორი სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი ისე დადგა, რომ არანაირი კვლევა არ უწარმოებია, მათ ამ ქმედებას კი მოყვა ეს ტრაგედია. ეს ის სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა მიიღო გზის ასაშენებლად და რომელსაც დღემდე მფარველობს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სასამართლოზე გამოკითხვების დროს ასევე დადგინდა რომ სახიფათო მოსახვევში უსაფრთხოების ბაგირები რომლებიც პროექტის მიხედვით იყო გაწერილი რამდენიმე თვით ადრე უნდა ჩაებარებინა ზემოთ აღნიშნულ მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე გზების სამშენებლო კომპანიას. რაც ასევე არ გააკეთა და რაშიც კოლოსალური თანხა მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ექსპერტმა თქვა რომ უსაფრთხოების ბაგირების არსებობს შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება
მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა უსაფრთხოების ბაგირების არარსებობა იმით ახსნა რომ თურმე ბაგირების დაყენება მათი კეთილი ნებით ხდება, არადა პროექტში კი ჰქონდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მათთვის გზის გვერდულზე უსაფრთხოების ბაგირების დაყენების მოთხოვნა. რატომღაც ავარიიდან ერთი წლის თავზე უსაფრთხოების ბაგირები ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას დააყენეს. მაგრამ საგზაო ნიშანს რომელიც მძღოლს მაქსიმალური 45კმ/სთ სიჩქარით წასვლის ნებას აძლევს სახიფათო მოსახვევში ჯერ ისევ შეცდომით დგას და ხელს ვერ კიდებენ იმის შიშით რომ თავისივე დანაშაული თვითონვე არ დაამტკიცონ
მოსამართლე რეზო ნადოი იმთავითვე განწყობილი იყო რომ "დავალება" შეესრულებინა, გზების მშენებელი მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სამშენებლო კომპანიის და მათი მფარველი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი დანაშაული მიეჩქმალა. ასევე მაღალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი დამშავის ნაცვლად ჩემს დაზარალებულად შეერაცხა, ვინაიდან მათ ციხეში ცოცხალი ადამიანი სჭირდებოდათ, რათა თავისივე მიზანმიმართულად შექმნილი სოციალური მღელვარება რომელიც ჩემს გაშავებას ემსახურებოდა ჩემი პატიმრობით დაესრულებინა, ყველა დაემშვიდებინათ და ამით საკუთარი დანაშაული ეფექტურად გადაეფარათ. მოსამართლე რეზო ნადოიმ მათი დავალება "ოსტატურად" შეასრულა, სამართალზე და სასამართლოზე არაადამიანურად იძალადა, ციხეში ყოველგვარი სამართლებრივი განმარტების გარეშე გამიშვა რათა ამ მონსტრებისთვის ხელი დაეფარებინა და საქმე დაეხურა. მოსამართლე რეზო ნადოიმ 250საათის განმავლობაში სასამართლო დარბაზში ჩემი და ჩემი ადვოკატის შამშე მჟავანაძის თავდაუზოგავი ბრძოლა თავისი თვალით ნახა, მან იცის რომ სამართალმა და სასამართლომ ყველაფერი გაიგო, სასამართლოს ჩვენ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტით დავუსაბუთეთ ჩემი უდანაშაულობა ასევე დავუსაბუთეთ ამ მონსტრების და მთვრალი მძღოლს დანაშაული.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა მოსამართლე რეზო ნადოიმ ასე უმოწყალოდ სასამართლოზე რის სანაცვლოდ იძალადა, იმედის ამ შეკითხვას პასუხს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი მიმდინარე წელს გასცემს.
ზონა-16
საკანი-206“, - წერს შალვა ბოლოთაშვილი.
ცნობისთვის, 2020 წლის 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.