სერია A-ში ამდენი მომენტი არავის შეუქმნია - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას რეკორდზე?
იტალიური გამოცემა, corriere dello sport-ი „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდზე წერს.
„არის სტატისტიკა, რომელიც იტალიის ჩემპიონატზე ქართველი ტალანტის გავლენაზე მიუთითებს. მას აქვს მაჩვენებლები, რომლითაც აქამდე არავის დაუტრაბახია. ისაა დამანგრეველი ძალა შეტევაში, ვინც „ნაპოლის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ქართველი ტალანტი იყო ერთადერთი მოთამაშე სერია A-ში, რომელმაც კარში 70-ზე მეტჯერ დაარტყა და 50-ზე მეტი შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს. რიცხვები და სტატისტიკა ადასტურებს მის კლასს. ამან აიძულა „ნაპოლი“, სამომავლოდ ქართველის შენარჩუნებაზე ეფიქრა და ამიტომ სურთ კვარაცხელიასთან გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება“, – წერს corriere dello sport-ი.
„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს არის სერია A-ში დაფიქსირებული რეკორდი – პირველ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მსგავსი შედეგი არცერთ თავდამსხმელს არ ჰქონია, თვით დიეგო მარადონასაც კი.
არახალია, რომ კვარაცხელია ასევე პირველი მოთამაშეა 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველ სეზონში გაიტანა მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი შეასრულა – ბოლოს ეს „ვერდერის“ თავდამსხმელმა დიეგომ (13 გოლი და 13 პასი) მოახერხა.
კვარაცხელიას სერია A-ში პირველივე სეზონში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. 22 წლის ფეხბურთელი დე ლაურენტისის ეპოქის „ნაპოლის“ მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელიც მონაწილეობდა 20-ზე მეტ გოლში (10 გოლი+10 ასისტი) – ასეთები აქამდე იყვნენ კავანი (2010/11), იგუაინი და კალეხონი (ორივე 2013/14).
კვარა ასევე ერთადერთი მოთამაშე იყო ლიგაში, რომელმაც კარში 70-ზე მეტჯერ დაარტყა და თანაგუნდელებს 50-ზე მეტი საგოლე შანსი შეუქმნა. ამას გარდა, ხვიჩამ კონტრშეტევაზე ყველაზე მეტი მომენტი შექმნა (26).