თეგებით ძიება

"ამოწყვიტეს ოჯახი... ბავშვი უდედოდ გაიზარდა, მამა თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს..." - რას ყვება პედაგოგი იმერეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, იზოლდა ფხაკაძე ამავე სკოლის მოსწავლის, 11 ივნისს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული,  ანამარია ბაბუნაშვილის შესახებ აცხადებს, რომ ბავშვი დედამ მიატოვა და მას მამა ზრდიდა.

იზოლდა ფხაკაძემ ანამარიასა და მისი ოჯახის შესახებ ემოციურად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"ჩემი მოსწავლეა, ჩემი ლამაზი ანამარია ბაბუნაშვილი, მეხუთე კლასში დადიოდა. მკვდარი ვარ, განადგურებული ვარ, 37 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ და ეს პირველი შემთხვევაა მოსწავლის დაღუპვის, გავუბედურდი. საშინელება მოხდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, ბებია და მისი უმცროსი და კლინიკაში არიან გადაყვანილები. მამა ძალიან მძიმედ არის, ბებიას და დას არა უშავსო ამბობენ და არ ვიცი.

როგორ გაუბედურდა ოჯახი, რა უნდა ვთქვა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უდედოდ გაიზარდა. დედ-მამა გაცილებულები არიან, დედამ მიატოვა ბავშვები და მამამ გაზარდა. თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. ყველაფერს უკეთებდა, არაფერს აკლებდა. მამა და ბებია ზრუნავდნენ ბავშვებზე. ჩემი ციმციმა გოგო, ჩემი ანგელოზი გოგო, არ შემიძლია, რა უნდა ვთქვა. მართლა ვერ ვლაპარაკობ. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. ამბობენ, ვინც შეეჯახა ისინი მთვრალები იყვნენო და უკნიდან შეასკდნენ. ესენი თავიანთ გზაზე მიდიოდნენ. უკან დასჯახებია ის მანქანა.

ქუთაისში მიდიოდნენ, სახლში ბავშვების დამტოვებელი რომ არავინ ჰყავდათ, ერთად მიდიოდნენ. ანამარია ყოველთვის ყველა აქტივობაში იყო ჩართული. მეორე ბავშვი მესამე კლასელია, მამა მართლა ელოლიავებოდა, ისე გაზარდა. დედამ რომ მიატოვა ბავშვები, არავინ იცის, მას მერე სად არის. მამამისი მძიმედ არის, თუ გადარჩა, არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადაიტანს... ვერ გადაიტანს. თქვენ არ იცით, როგორ ზრუნავდა თავის შვილებზე, წარმოუდგენელია, რაც მოხდა. გაგვანადგურა ყველანი. ისეთი ლამაზი გოგო იყო ანამარია, ვერ შევძლებ ლაპარაკს.

როგორ ამბობენ ის დამნაშავეები არიან ვანიდან, გალეშილი მთვრალები იყვნენო და ამოწყვიტეს ოჯახი. თუ იმ მანქანის სპიდომეტრი 240 უჩვენებდაო, სად გარბოდა, როგორ ამოწყვიტა ეს უწყინარი ხალხი. როგორ მოგვიკლა ეს ულამაზესი ბავშვი?!", - განაცხადა პედაგოგმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, გეგუთი-ქუთაისის გზაზე ავტოკატასტროფა მოხდა, რასაც 12 წლის მოზარდის, ანამარია ბაბუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაშავებულია, მისი ოჯახის სამი წევრი - მამა, ბებო და მისი პატარა და. როგორც ამბობენ, უკიდურესად მძიმეა ბავშვის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საჭესთან იჯდა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა