არც ერთ სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს ასეთი რეპრესიულ-ტერორისტული მექანიზმები არ გააჩნია! - რომან გოცირიძე
არც ერთ სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს ასეთი რეპრესიულ-ტერორისტული მექანიზმები არ გააჩნია!, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე განაცხადა, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.
გოცირიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელია რეპრესიები. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, სამედიცინო მიმართულებით მსოფლიოს რომელ უწყებას აქვს ანალოგიური უფლებამოსილებები.
“შეცდომაში შეგყავთ მოქალაქეები, როცა ამბობთ, რომ თურმე საქართველოში არსებობს უწყებები, რომელთაც ასეთი უფლებამოსილებები გააჩნია. მაგალითისთვის შრომის ინსპექცია მოგყავთ. შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სფერო ძალიან პატარა სეგმენტია. გინახავთ შრომის ინსპექციის მიერ დახურული საწარმო ან ჯიხური?! იცით, რა არის ფინანსური პოლიციის ან საგადასახადოს უფლებები? ან ეროვნულ ბანკის ზედამხედველობის სამსახურს რა უფლებები აქვს?! ეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები და არც ერთ ამ უწყებას ასეთი რეპრესიულ-ტერორისტული მექანიზმები არ გააჩნია!“, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.