საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წარმოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც ვიმსახურებდით. შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.