ჰაერის მთავარ დამაბინძურებლად კვლავ ავტომობილების გამონაბოლქვი ითვლება - ნოე მეგრელიშვილი
გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ატმოსფერული ჰაერის მთავარ დამაბინძურებლი ავტომობილების გამონაბოლქვი არის.
"ერთი საკითხია, რომ ავტოპარკს აღარ უნდა დაემატოს მაღალი გამონაბოლქვის მქონე მანქანები. ასევე ტექინსპექტირებები უნდა ჩატარდეს. ავტომობილებს ქალაქგარეთაც ჩვენი თანამშრომლები გააჩერებენ და შეამოწმებენ გამონაბოლქვზე. საქართველოს დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის მთავარ დამაბინძურებლად კვლავ ავტომობილების გამონაბოლქვი ითვლება და ეს ძალიან ცუდია," - აცხადებს მეგრელიშვილი.
ნოე მეგრელიშვილის შეფასებით, დაგეგმილი შეზღუდვები, რომელიც გუშინ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა, დროულია. მეგრელიშვილის განმარტებით, 2015 წლიდან დღემდე საქართველოდან დაახლოებით 700 000 კატალიზატორი გაიტანეს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მილიონამდე მანქანა მოძრაობს, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ეს გამონაბოლქვის მნიშვნელოვან მიზეზად ითვლება.
პრემიერის განცხადებით, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი 2024 წლიდან აიკრძალება. იკრძალება საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტიც.