"დედებზე მაგარი პატრონი დედამიწაზე არ არსებობს. ხშირად მაგიჟებდა დედაჩემი გენიოსი ხარო. და იმდენი გავაკეთე, კინაღამ დამაჯერა" - დათო ლიკლიკაძე მიმართვას ავრცელებს
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე 90-იან წლებს იხსენებს და დედამისის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"1993 წელი იყო. შიმშილი და გაჭირვება. თეატრალურზე ვაბარებდი და იქ ვინ მიგიღებს თუ პატრონი არ გყავსო, რომ გააგონეს დედაჩემს, მე წავყვები თბილისში, პატრონი მე არ ვარო?...
მიუხედავად იმისა (უფულობისა და უპატრონობისა), საბოლოოდ თეატრალური უნივერსიტეტის კარი მოგვიხურეს მე და დედაჩემს, იმ დღიდან უფრო მყარად ვიდექი, რადგან დედაჩემი იდგა ჩემს უკან.
ისე მე გამიმარჯოს, მას შემდეგ არაფერი წაგვიგია არც მე და არც დედაჩემს. "პატრონი" რომ მყოლოდა თეატრალურზე, ახლა ალბათ შიმშილით ვიქნებოდი მკვდარი.
დიახ! დედებზე მაგარი პატრონი დედამიწაზე არ არსებობს. ხშირად მაგიჟებდა დედაჩემი გენიოსი ხარო. და იმდენი გავაკეთე, კინაღამ დამაჯერა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, არასოდეს დასცინოთ თქვენს შვილებს, დედებო. ხშირად უთხარით, რომ მაგრები არიან და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გახდებიან ისეთები, როგორიც თქვენ გინდათ", - წერს ლიკლიკაძე.