იმედები გამიცრუვდა - შალვა პაპუაშვილი
მოლოდინი მქონდა, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, მაგრამ სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა და დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა საკითხია, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა, მოლოდინი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ რეზოლუციებისთვის, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში ხდება წამება, მისი უფლებების შელახვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციაზე ბოდიში მოეხადათ, დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ. იმედგაცრუებას იწვევს, რომ ასე გაჯიუტებულია ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ შეცდომაში, ზოგიერთი ევროპარლამენტი განზრახ საკუთარ ქმედებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.