პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“.
„სამწუხაროდ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც. თქვენი გზავნილი გასაგებია. ვერ გცნობთ, ვინ ხართ, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მოგმართოთ, რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას იყენებთ სპეკულაციისთვის, ეს აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვყავს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, რადიკალური ადამიანები. გთხოვთ, დაატოვებინოთ დარბაზი. როგორც ვატყობ, მოქალაქემ დაგვტოვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები და ასეთ რაღაცას კადრულობს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეალობის და ადეკვატურობის აღქმა არა აქვთ, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო. ახლა რამდენიმე დეპუტატი ჩაეწერეთ, ვხვდები, რომ აქ პროცედურაზე საუბარი არ იქნება. ამიტომ არ მოგცემთ სიტყვას, გადავიდეთ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.