თეგებით ძიება

ხურვალეთთან ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს და ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა