მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს - რას ამბობენ მეცნიერები?
ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონები ხელოვნურად შექმნეს.
შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი შეკითხვა იჩენს თავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სინთეზური ემბრიონები თაგვისა თუ მაიმუნის ღეროვანი უჯრედებისგან აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემბრიონი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დაამზადეს.
გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერთა ნაშრომი, ჯერჯერობით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. იგი პროფესორმა მაგდალენა ჟერნიკა-გოტცმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) წარადგინა ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოსტონში.
სინთეზური ემბრიონები ბუნებრივი სქესობრივი გამრავლების შედეგად არ იქმნება — მას ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ ღეროვანი უჯრედებისგან. შესაძლოა, მათი მეშვეობით უკეთ შევისწავლოთ, როგორ ვითარდება ემბრიონი პირველი კვირების განმავლობაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს იწყება არაერთი გენეტიკური დაავადება.