„არასერიოზულობის ზეიმი“ - The Guardian-მა ელდარ შენგელაიას კინოკლასიკაზე რეცენზია გამოაქვეყნა
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა ელდარ შენგელაიას კინოშედევრზე - „შერეკილები“ რეცენზია გამოაქვეყნა.
"ელდარ შენგელაიას ახირებული კომედიის დასასრული აუცილებლად მოგგვრით სიცილს", - წერს გამოცემის კინოკრიტიკოსი, პიტერ ბრედშოუ და „შერეკილებს“ 5-დან 4 ვარსკვლავით აფასებს.
ბრედშოუს და დასავლელ მაყურებელს ქართული კინოკლასიკის ნახვის საშუალება სტრიმინგ პლატფორმა Klassiki-ზე მიეცათ, სადაც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ფილმოგრაფიაა განთავსებული.
"ესაა არასერიოზულობის ზეიმი, რომელიც რიჩარდ ლესტერის ან ტერი გილიემის ნამუშევრის ქართველი ბიძაშვილი გეგონება. ამ ექსცენტრიკული, უცნაური ფანტაზიის მთელი ეფექტი კი ბოლო 15 წუთშია", - ვკითხულობთ ბრედშოუს რეცენზიაში.
რეცენზიის დასასრულს, მიმომხილველი ამბობს, ნეტავ, "თვითმფრინავი" ცოტა ადრე გამოჩენილიყო ფილმში, მის ყოველ დანახვაზე ხომ სიცილს ვერ შეიკავებო.
"ამ ყველაფერში არის რაღაც ძალიან უმწიკვლო", - დასძენს იგი.