„რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ “რედისონში” სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.
„გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი.
2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა.
სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა „ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს.
ბრავო ელგუჯა ბაგრატიონს და გიორგი კირთაძეს! მაგრად მოსვეს ეს რუსის მონები ადგილზე.
მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენს „სამარცხვინო მარცხზე“.
უკრაინას მაინც უნდა ეჩვენებინა თუ რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში.
რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ეს ვერ უპატიებია დღემდე ჩემთვის პუტინს.
სწორედ ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება. დღეს კიდევ ესენი რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ “რედისონში” სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები“, - წერს სააკაშვილი.
ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: "2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“.