ბათუმში პოლიცია მოქალაქეს შეცდომით აკავებდა - რა ვიდეოს აქვეყნებს ადვოკატი?
ადვოკატი, თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბათუმში პოლიცია მოქალაქეს შეცდომით აკავებდა.
"ყველამ იცით, რომ ჩემს ფეისბუქ გვერდზე მსგავს ვიდეო ჩანაწერს ვერ ნახავთ და არც გამოვირჩევი რადიკალური ან აგრესიული დამოკიდებულებით პოლიციელების მიმართ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ყველამ უნდა გაიგოს, რა მოხდა ჩემ საადვოკატო ოფისთან.
მოქალაქე კონსულტაციაზე მოვიდა თანმხლებ პირთან ერთად. გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ პოლიციის თანამშრომლები და უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მისი დაკავების განჩინება იყო გამოცემული სასამართლოს მიერ. ვუხსნი მათ, რომ ეს ის პირი არ არის ვისი დაკავებაც სურდათ. ფაქტია, რომ სულ სხვა პირი იდგა მათ წინაშე, თუმცა უშედეგოდ.
ყველაზე შემაძრწუნებელი კი ამ მოქალაქის შეშინებული თვალები და გამომეტყველება იყო. ვერც კი გაერკვია თუ რა ხდებოდა მის თავს.
ოფისის გარე სამეთვალყურეო კამერებით დავადგინე, რომ დღეს მთელი დღეა ესენი ჩემს ოფისთან დაძრწიან და ვიღაცას ეძებენ. საქმე იმაშია, რომ ეს მასკარადი ამ პოლიციელებმა მოაწყვეს ჩემი საადვოკატო ოფისის წინ! რაც ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის ძალზედ საწყენი და მიუღებელია. მე ამას ვაფასებ როგორც ადვოკატის უპატივცემულობას! მათ ძალიან მარტივად შეეძლოთ სხვა ადგილას სხვა ვითარებაში გამორკვეულიყვნენ.
დაე იხილონ თავიანთი თავი, პოლიციის იმ თანამშრომლებმა რომლებმაც დღეს ეს უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს. ბოლოს პოლიციის ხელმძღვანელმა განმუხტა სიტუაცია და უსაყვედურა კიდეც მათ, რომ ეს მოქალაქე ის არ იყო, ვინც უნდა დაეკავებინათ", - წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, უფლებადამცველთან კონსულტაციაზე მისული მოქალაქე პოლიციამ აიყვანა. სამართალდამცველები დაკავებულს უმტკიცებდნენ, რომ მისი დაკავების განჩინება იყო გამოცემული სასამართლოს მიერ, საბოლოდ გაირკვა რომ პოლიციას სხვა პირი უნდა დაეკავებინა.