"ბიჭი, რომელიც უმძიმესი დიაგნოზის მქონე დედისთვის 100 ლარს მორიდებით ითხოვს, 10-ჯერ მაინც მივიდა მერიაში" - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე მძიმე სენის მქონე პაციენტზე ავრცელებს ინფორმაციას და ქუთაისის მერიის უყურადღებობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"როცა ერთადერთი იმედი ხელისუფლებაა, ის კი პასუხს არ გცემს.
გასულ თვეში ქუთაისის მერიასთან დამწუხრებული სახით მეზობელი დავინახე. ახალგაზრდა, უწესიერესი ბიჭია. რა ხდება-თქო, ვკითხე და დედა მყავს ძალიან ცუდადო მითხრა, მძიმე დიაგნოზი აქვს, წამლის ფული აღარ მაქვს და განცხადება დავწერე, იქნებ ერთჯერადი მატერიალური დახმარებით დამეხმარონო. იმის მერე რამდენჯერმე შორიდან ისევ მერიასთან დავინახე. თურმე დადის და კითხულობს, რაიმე სიახლე ხომ არ არის, ხომ არ გადაგიწყვეტიათ დახმარებაო, პასუხი კი დუმილი ყოფილა. დღეს კი შემთხვევით სახლთან ვნახე და მითხრა:“ ირაკლი, ხომ გახსოვს, წინა თვეში რომ მერიაში ვიყავი, წამლის ფული რომ ვითხოვე ავადმყოფი დედისთვისო, იმის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა და პასუხიც არ გამცესო. დავდივარ ვკითხულობ რა ხდება-თქო და პასუხი ჯერ არ არისო.
დედა-შვილს ძალიან უჭირს, გაყიდეს ყველაფერი რისი გაყიდვაც შეეძლოთ, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება კი ისევ დუმს. ბიჭი, რომელიც უმძიმესი დიაგნოზის მქონე დედისთვის 100 ლარს მორიდებით ითხოვს, 10-ჯერ მაინც მივიდა მერიაში, რაიმე სიახლე ხომ არ არის მისი ოჯახის თავს", - წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.