სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა - კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არასოდეს წასულა.
„სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასაფარად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დაშორებული ქართული პოლიტიკიდან. პირიქით, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე. მან თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს.