"მოვყვები, როგორ მკლავდნენ თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ემერჯენსში" - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მადგომარეობის შესახებ წერს და ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს.
"ფრენდის სტატუსი ვრცელდება, როგორ დაუსვეს მის მეგობარს კიბოს ფეიკი დიაგნოზი აქ, რომელიც თურქეთში გადამოწმების შემდეგ, ჩვეულებრივი, მარტივად განკურნებადი რამ აღმოჩნდა.
ახლა მოვყვები, ორი კვირის წინ, როგორ მკლავდნენ თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ემერჯენსში.
თვეზე მეტია, მხარი მტკივა. მარჯვენა ხელს წესიერად ვერ ვამოძრავებ, მაღლა ვერ ვწევ, უხერხულ მოძრაობაზე თვალებში მიბნელდება, ძილში თუ ზედმეტად გადავბრუნდი, ტკივილი მაღვიძებს და მოკლედ, დამტანჯა.
გამივლი-გამივლის ძახილში, ტკივილი უარესად მომემატა და როგორც იქნა, ერთი თვის თავზე, მივედი ექიმთან.
გადამიღეს და დაიგნოზიც დამისვეს, მხრის სახსრის ანთება, პლუს, პატარა ნაწილში სითხეა ჩამდგარი.
მხარში ნემსების გაკეთებაა საჭირო - თითო კვირის შუალედით.
და აქ იწყება.
ექიმს ვუთხარი, რომ ალერგიული ვარ. იცოდა ანუ! დამინიშნა ანტიჰისტამინური და კუჭის დამცავი აბები.
პირველი ნემსი გავიკეთე და წამოვედი სახლში. ტკივილმა შესამჩნევად იკლო, მაგრამ... სარკეში ჩავიხედე და იქიდან, ჰერმიონის მიერ მოჯადოებული ჰარი პოტერი მიყურებს - დასიებული და წითელი, ისეთი წითელი, რომ ნებისმიერ თავმოყვარე ჭარხალს შეშურდება. თან სახე მიხურს, "პაჟარი" მაქვს.
მოვკიდე ჩემს დანიშნულებას ხელი და ერთ-ერთი კლინიკის ემერჯენსში მივქანდი. ნახეს დანიშნულება, საწოლზე წამომაგორეს და ორჯერ! გადამისხეს ანტიჰისტამინების მთელი ბუკეტი. წამოსვლის დროს მომცეს ახალი დანიშნულება და მითხრეს, რომ მეორე დღეს ერთი კონკრეტული პრეპატი ნემსის სახით, ისევ გამეკეთებინა.
მეორე დღეს იგივე - ისევ ჰერმიონის მიერ მოჯადოებული ჰარი პოტერი და ისევ ჭარხალივით წითელი ვარ, ისევ "პაჟარი" მაქვს სახეზე.
გავიკეთე ეს ნემსი, არ მშველის, უკვე პანიკა მეწყება და მოვიფიქრე! დავრეკე კლინიკაში, ავუხსენი მდგომარეობა, ძალიან შეწუხდნენ, მომცეს მკურნალი ექიმის პირადი ნომერი, დავურეკე და თურმე... წამალი, რომელსაც მხარში მიკეთებენ, რეაქციას იძლევა, მაგრამ, ექიმს გაფრთხილება დაავიწყდა. გაფრთხილება დაავიწყდა!
და უარესი! ემერჯენსში, სადაც დანიშნულება ვაჩვენე და იცოდნენ, რა წამალს ვიკეთებ, ის ბუკეტი, რაც გადამისხეს, არ უნდა გადაესხათ, იმიტომ რომ, წამალი, რომელსაც მხარში ვიკეთებ, სხვა ჯგუფისაა და წამლები, რომლებიც გადამისხეს სხვა ჯგუფის, ერთმანეთთან რეაქციაში შედის და უარესი ამიტომ დამემართა.
მკლავდნენ.
ახლა ვსვამ მხოლოდ ერთ ანტიჰისტამინურს, რომელიც მშველის და წყალს, ტონობით წყალს, რომ ორგანიზმი გასუფთავდეს.
წამლის მეორე დოზის გაკეთება ერთი კვირით გადამედო, სანამ ის ბუკეტი, რაც ემერჯენსში გამიკეთეს, ორგანიზმიდან არ გამოვა.
მხარი ისევ მტკივა.
ექიმს რომ გავეფრთხილებინე, რომ ეთქვა, რომ სულს არ გააფრთხობ, იცის ასეთი რეაქცია და სვი წყალი, დალიე მხოლოდ ეს ანტიჰისტამინი, რაც გამოგიწერე, მშვიდას იყავი და პანიკას არ აყვე, ვიქნებოდი მშვიდად და არც იმ დასაწვავ ემერჯენსში მივაქნდებოდი.
ემერჯენსში დანიშნულება წესიერად რომ წაეკითხათ, იმ ბუკეტსაც არ გადამისხავდნენ ალბათ და უარესს არ დამმართებდნენ.
ჰო, სახლში ვზივარ, ქუჩაში იშვიათად გავდივარ, რომ ჩემი ატკარცალებული სახით ხალხი არ დავაფრთხო.
კლინიკებს არ ვწერ, იმიტომ რომ, ძველი გამოცდილებიდან, ორივეგან კმაყოფილი და განკურნებული წამოვსულვარ და ისიც ვიცი, რომ ყველაფერი ხდება, მაგრამ სულ ოდნავი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ამ დღეში ხომ არ ჩამაგდებდნენ.
მოკლედ, ექიმთან რომ მიხვალთ, სანამ შეკითხვებით სულს არ ამოხდით, არ გამოხვიდეთ", - დალაქიშვილი.