კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო, - წერს ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას
"აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას" - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.