სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა - რატი ბრეგაძე
სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ პირს უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ, თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველო მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
შესაბამისად, მე ამ საკითხზე გამიჭირდება სამართლებრივი კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას დატოვებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგება, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის სამსახურშიც ჩადგა,“ - განაცხადა ბრეგაძემ.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.