სამხედროებს მსურს პატივისცემა დავუდასტურო, შეფასება ლაჩრობაზე სააკაშვილს ეკუთვნოდა - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ კომენტარი აგვისტოს ომის "ლაჩრულად" წაგების შესახებ, ეხებოდა არა ჯარისკაცებს, არამედ მესამე პრეზიდენტსა და "მის ამფსონებს".
"ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს, თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავდადებით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართველი ჯარი და ხალხი და ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომზე ისაუბრა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.