არავის მივცემთ საშუალებას უხეშად ჩაერიონ, ქვეყნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
"მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა, ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ იმის საშუალებას ბუნებრივია სხვასაც ვერ მივცემთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა - ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.