როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შვილი აბიტურიენტია? - სასარგებლო რჩევები
როდესაც შვილია აბიტურიენტია, აუცილებელია, მშობელი, პირველ რიგში, მშვიდად და დადებითი განწყობით იყოს.
EDU.ARIS.GE, ჩვენი რესპონდენტის დახმარებით, სწორედ ამ წონასწორობის პოვნას გაგიმარტივებთ. მოზარდთა და ზრდასრულთა განვითარების ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა თანმიმდევრულად და დეტალურად გვიხსნის, როგორი უნდა იყოს მშობლის ჯანსაღი ქცევა საგამოცდო დღეს და რა შეცდომები არ უნდა დაუშვას თუ სურს, რომ შვილის საგამოცდო შედეგებზე დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს და არა, პირიქით.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს მშობლის ქცევა გამოცდის დღეს?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული გამოცდები მოზარდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. როდესაც ისინი ემშვიდობებიან სკოლას, ბავშვობას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. ამ დროს კი, მათ ყველაზე მეტად მშობლების იმედების ვერ გამართლების შიში აქვთ. ეს ყველაფერი მათთვის ძალიან სტრესულია და ამიტომ, მშობლების მხრიდან აუცილებელია საკუთარი შვილების უპირობო პოზიტიური მიმღებლობა, მათი აღიარება, ნდობა და მხარდაჭერა. გამოცდების დღეს, მშობლებმა მაქსიმალურად უნდა შექმნან აბიტურიენტისთვის სასურველი, კომფორტული, მშვიდი, პოზიტიური გარემო და განწყობა. უნდა გაუღიმონ, მოეფერონ, ჩაეხუტონ, ანუგეშონ, გაამხნეონ და წაახალისონ შვილები. უნდა აგრძნობინონ, რომ მათ გვერდით არიან და არაფრის ეშინოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ, რაც ყველაზე მთავარია – მშობლებმა შვილების სურვილები უნდა გაითვალისწინონ!
– როგორ ამოვიცნოთ მშობლის ჯანსაღი და არაჯანსაღი ქცევა?
– ხშირად, მშობლები თავიანთი აუხდენელი ოცნებების ასრულებას შვილებისთვის ცდილობენ და გადაწყვეტილებებსაც მათ ნაცვლად იღებენ. მაგალითად, თავად ირჩევენ იმ უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების სიას, სადაც სურთ, შვილმა ისწავლოს, ბავშვებს კი არჩევანის საშუალებას არ აძლევენ. თავად უგეგმავენ ყველაფერს, რაც სწორი არ არის. ეს მშობლის მხრიდან არაჯანსაღი ქცევა და დამოკიდებულებაა ბავშვისადმი. არაჯანსაღია ისიც, როდესაც მშობელი ძალიან ზედმეტად განიცდის, მთელი ოვაციებით დგას საგამოცდო ცენტრის წინ და არკვევს რაღაც-რაღაცებს. ჯანსაღია ქცევა, როდესაც ის არჩევანის საშუალებას უტოვებს ბავშვს, არ ერევა მის გადაწყვეტილებებში. უბრალოდ, ყველანაირად დგას მის გვერდით, მიყვება მის სურვილებს და ხელს უწყობს მათ რეალიზებაში.
– რა შეცდომები არ უნდა დაუშვას მშობელმა გამოცდის დღეს?
– პირველ რიგში, მშობლებმა შვილები გამოცდის წინა დღეს უნდა დაასვენონ. გამოცდის დღეს დაივიწყონ ნებისმიერ თემაზე საყვედური, ნუ მიაწვდიან უარყოფით ინფორმაციას და ნუ შეუქმნიან ნეგატიურ განწყობას ან გარემოს. არ შეადარონ სხვებს. მნიშვნელოვანია, მშობელმა არ აგრძნობინოს შვილს მისდამი უნდობლობა და მაქსიმალურად თავი შეიკავოს საკუთარი მღელვარებისა და შფოთის გამოხატვისგან აბიტურიენტის თანდასწრებით.
– აუცილებელია შვილს გამოცდაზე თან გავყვეთ, ან როგორ ვიქცევით თუ მარტო წასვლას გადაწყვეტს?
– ეს ინდივიდუალურია. ზოგიერთ აბიტურიენტს ურჩევნია, მარტო იყოს და გარეთ არავინ ელოდებოდეს, ზოგიერთ აბიტურიენტს კი ძალას მატებს ის, რომ მისი მშობლები იქნებიან თუ მეგობრები, გარედან გულშემატკივრობენ. საბოლოო ჯამში, ეს მაინც აბიტურიენტის გადასაწყვეტია და თუ ის მშობლებს სთხოვს, რომ მარტო ურჩევნია, გაუწიეთ ანგარიში და ამაზე ადეკვატური რეაქცია გქონდეთ. რაც შეეხება სიტუაციას, როცა შვილი გამოცდაზე მარტო იმყოფება, აქ მთავარია თქვენი თავის კონტროლი შეძლოთ. მაგალითად, ნუ დაურეკავთ ყოველ წამს ამბის გასაგებად. ასეთ დაძაბულ დროსაც კი, მშობელმა გონების, ტვინის გადართვა და კონცენტრაცია სხვა რამეზე უნდა მოახერხოს. იფიქრეთ პოზიტიურად და განეწყვეთ დადებითად; გქონდეთ თქვენი შვილის იმედი და რაც შეიძლება მშვიდად დაელოდეთ გამოცდის დასრულებას.
– ფრაზები, რომელიც შვილს გამოცდის დღეს უნდა ვუთხრათ, რათა შედეგებზე დადებითად ვიმოქმედოთ და არა პირიქით
სასურველია, ეს ფრაზები, რომლებსაც ახლა მე გავაჟღერებ ხშირად ვუთხრათ შვილებს, ასეთ მომენტებში კი მათ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვთ:
„მე შენ მიყვარხარ“
ნუ იფიქრებთ, რომ შვილებმა ისედაც იციან თქვენი სიყვარულის შესახებ. მილიონჯერ უნდა გაუმეოროთ თქვენს ბავშვებს, რომ გიყვართ ყველაფრის მიუხედავად; მაშინაც, როცა გაბრაზებული ხართ ან მისგან შორს ხართ. აგრძნობინეთ, რომ თქვენი სიყვარული ყოველთვის მათთანაა.
„მე ვამაყობ შენით“
ხშირად უთხარით შვილებს, რაოდენ ძლიერ ამაყობთ მათით. ამ დროს ბავშვი თავდაჯერებული და ზომიერად ამბიციური ხდება. ასე უყალიბდება მაღალი თვითშეფასება, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე იყენებს.
„ეს შენი პასუხისმგებლობაა“.
შვილებს ყოველთვის უნდა მისცეთ საშუალება, რომ მან საკუთარი გამოცდილება მიიღოს. წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიური საფუძველი ბავშვობაში მიღებული გამოცდილებაა.
„შენ ყველაფერს შეძლებ”
თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს მომავალში საკუთარი ადგილის პოვნა გაუადვილდეს, ეს ფრაზა ხშირად უთხარით. როგორც ფსიქოლოგები აღვნიშნავთ ხოლმე, ამ გულწრფელ შეძახილს ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეუძლია.