თეგებით ძიება

12 დავალება გქონდეს მოცემული და მხოლოდ სამი შეასრულო, მაღალი ქულის პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს? - პაატა მანჯგალაძე

მარტივად ავხსნათ: - 12 დავალება რომ გქონდეს მოცემული და აქედან მხოლოდ სამი შეასრულო, მაღალი ქულის დაწერის პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს?!, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას.

მანჯგალაძის აზრით, მაშინ, როცა, ხელისუფლებას ყველა რესურსი და ძალა უნდა დაეხარჯა ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერთან შეხვედრისთვის, საქართველოში მათი მოწვევისა და რეფორმების ადგილზე გაცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პერიოდი რუსეთთან დაახლოებას მოანდომა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყოველდღიური გზავნილია ის, რომ ევროპის ნაცვლად, პირდაპირ და უვიზოდ რუსულ ჭაობში ვიფრენთ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს სამი შესრულებული რეკომენდაცია აქვს, რასაც ჩვენც ვადასტურებთ - რატომ? - იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" მეტი რეკომენდაციის შესრულების სურვილი არ ჰქონდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა - ახლა ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია რომ ყოფილიყო, ჩვენ 11 შესრულებულ რეკომენდაციას მივიტანდით, 12-ე რეკომენდაცია დეპოლარიზებასთან დაკავშირებით ბუნებრივად შესრულდებოდა და ჩვენს საწინააღმდეგოდ სათქმელი არაფერი იქნებოდა.

ჩვენ გავაკეთებდით იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებს არ დავუპირისპირდებოდით, რუსულ პროპაგანდას არ დავიწყებდით და "ევროპელი სოციალისტებიდან" კი არ გამოვიდოდით, თანამშრომლობას უფრო დიდ კოალიციებთან დავიწყებდით. შევხვდებოდით 27-ვე ქვეყნის ლიდერს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ჰქონოდა.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დახურული არ არის და თუ ხელისუფლება ამას გამოიყენებს, რუსეთთან კუდის ქიცინს თავს დაანებებს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეულ პროგრესს მიაღწია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა