არანაირი იმედია არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი - ბადრი ესებუამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა
ბადრი ესებუას საქმეზე მოსამართლე ეკატერინე ბებია განაჩენის გამოსატანად გავიდა.
მანამდე მან ბრალდებულ ესებუას საბოლოო სიტყვის უფლება მისცა.
ბრალდებულმა თქვა, რომ არ აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი.
"არანაირი იმედია არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი. იმიტომ, რომ პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. უვადობა გამოიტანეთ თუ გინდათ,“ - განაცხადა ბადრი ესებუამ.
შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.