ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო.
მოსამართლემ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ესებუა დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით - 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.