თეგებით ძიება

"უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, საფრთხე რეალურია" - რას წერს გიორგი გახარია?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. გიორგი გახარია აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.

მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან”.

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მოგვიანებით გავრცელდა პრიგოჟინის კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმადაც, „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აქვს აყვანილი.

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა