თეგებით ძიება

შესაძლოა, “დარიალზე” არსებული მდგომარეობის გამო, საზღვარი დაიკეტოს? - შსს-ს სპეციალური განცხადება

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როსტოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შევიდა. "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი.

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. "ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!" - აღნიშნა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა