თეგებით ძიება

"ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ. დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა, არის არასწორი და მიუღებელი" - ზაზა შენგელია

პროდიუსერი, ზაზა შენგელია მომღერალ ნუცა ბუზალაძის მიერ რუსეთში მეგობრის წვეულებაზე წასვლას და იქ სიმღერის შესრულებას, გაუმართლებლად მიიჩნევს და ყველა ახალგაზრდა მუსიკოსს მოუწოდებს, რომ რუსეთის მუსიკალურ ბაზარს თავი აარიდოს.

"ყველა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან მაქვს ერთი გულწრფელი რჩევა: აერიდეთ რუსეთს და მის მუსიკალურ ბაზარს. და არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია, რომელიც ჩაგრავს და კლავს თავის მეზობლებს და იპყრობს მათ ტერიტორიებს, არამედ კიდევ იმიტომაც, რომ ის არასწორ ღირებულებებზეა დაყრდნობილი - რუსულ შანსონსზე, “ბლატნოი” სიმღერებზე და პაპსაზე აღმოცენებული თანამედროვე რუსული პოპ-კულტურა, არის ერთ-ერთი ყველაზე სუროგატული, ტოქსიკური, მდარე და უგემოვნო შემოქმედება, რამაც თავის მხრივ, დიდი როლი ითამაშა რუსეთის მოსახლეობის “გაპრიმატებასა” და “ბიდლოიზაციაში”, რომელიც სამწუხაროდ, დღეს სახეზეა და რომელიც არცერთ მუსიკოსს არ მისცემს განვითარების და ზრდის საშუალებას. ამის გამო, ბევრმა ჭეშმარიტად და მეტ-ნაკლებად ნიჭიერმა და ღირებულმა რუსმა მუსიკოსმა ჯერ კიდევ წლების წინ დატოვა რუსეთი…

მე და ჩემი მეგობრები, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა თბილისში ყოველ კვირა ირინა ალეგროვას, ლონია აგუტინის, მიხაილ შუფუტინსკის, ალიონა აპინას და სხვათა კონცერტები სრული ანშლაგებით ტარდებოდა, ყველანაირად ვცდილობდით და ვიბრძოდით იმისათვის, რომ მაშინდელი ახალგაზრდების გემოვნება შეგვეცვალა და მათ ჰქონოდათ საშუალება რუსების ნაცვლად, თბილისში ენახათ ცნობილი ამერიკელი თუ ევროპელი ვარსკვლავების კონცერტები. მერწმუნეთ, ეს არ იყო ადვილი და ამ გზაზე უამრავი ბრძოლის, ტანჯვის და წვალების გამოვლა მოგვიწია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო.

რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს. ნიჭიერების გარდა, მან ნამდვილად ბევრი იშრომა და მის მიერ American Idol-ში მიღწეული წარმატება მართლაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ის ნამდვილად არის პირველი არაამერიკელი, რომელმაც ამ პრესტიჟული მეგაშოუს ისტორიაში ფინალამდე შეძლო გასვლა. მე ნამდვილად არ ვარ არც მისი მენეჯერი და არც პროდიუსერი, თუმცა ამერიკიდან მისი დაბრუნების შემდეგ გვქონდა საუბარი ცალკეულ ერთობლივ სამომავლო პროექტებზე, სწორედ ამ საუბრის დროს შევიტყვე მისგან, რომ ტელეშოუს დამთავრების შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2 ალბომის ჩაწერაზე ჰოლივუდში, რაც ნებისმიერი მუსიკოსისათვისაა საოცნებო. ასევ,ე მან მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, მაგრამ ის არ აპირებდა რუსებთან მუშაობას... 

მოსკოვში შემდგარ წვეულებასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი, და რომ მცოდნოდა რომ მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ. დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა არის არასწორი და მიუღებელი. მან ამ ნაბიჯით გული ატკინა თავისი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ვინც მას გულით  უჭერდა მხარს...", - წერს ზაზა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა