ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით - კახა კალაძე
არ ვმალავთ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. აქ არის ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები. შესაბამისად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, მათ შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, - ამით თბილისის მერმა, კახა კალაძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და უპასუხა კითხვას, უნდა დამდგარიყო თუ არა დღის წესრიგში საზღვრების კონტროლის გამკაცრება.
მისი განმარტებით, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღება, ეს ხდება კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უტყუარია.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ბევრი „ფეიკი“ ინფორმაცია ვრცელდებოდა. მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, თქვენ ან ნებისმიერ მოქალაქეს. როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღება, ეს არ ხდება კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უტყუარია. ძალიან ბევრი „ფეიკ“ ინფორმაცია ვრცელდებოდა და არ უნდა ავყვეთ ემოციებს, სამწუხაროდ, თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიებს გადავხედავთ, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი გვაქვს, ამ გადაწყვეტილებებმა ჩვენი ქვეყანა ათეული წლით დახია უკან. არ გვჭირდებოდა ემოციები, გვჭირდება ცივი გონება და სწორი ანალიზის მიღება“, - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში 23 ივნისს "ვაგნერის" დაჯგუფებამ სამხედრო გადატრიელების შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გადაწყვეტილება შეცვალა და მოსკოვის მიმართულებით მიმავალი კოლონა, უკან , ბანაკებში დააბრუნა.