საქართველო გაივსო კიკუებით, ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს - მეუფე სტეფანე
საქართველო გაივსო კიკუებით. ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ გახსოვთ იმაში რომ არის, დათა თუთაშხიაში. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა.
თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, მწყემსი ჩვენი არის უფალი, უფალს მივყავართ თავისი სამწყსო სასუფევლისკენ. სხვა დანარჩენი, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სულებისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სასუფეველში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.