პრიგოჟინს დავურეკე და ვუთხარი: ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, ბუზივით გაგჭყლეტენ - ალექსანდრე ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მან ურჩია, რომ არ ეჩქარა.
“ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო - მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) - დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს განცხადებით, საუბარში პრიგოჟინი მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის გადაცემას, ასევე პუტინთან შეხვედრას ითხოვდა.
“ვეუბნები: “ჟენია, არავინ არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა - ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, - განაცხადა ლუკაშენკომ.