NATO მზადაა, დაიცვას ყველა მოკავშირე - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ ჯარის ბელარუსში გადასვლა უფრო დიდ რეგიონულ არასტაბილურობას გამოიწვევს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, NATO-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერისა“ და მისი მმართველის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში გადაადგილება დიდ პრობლემებს გამოიწვევს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება, ნიშნავდეს „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება NATO-ს მოკავშირეებისთვის და ხაზი გაუსვა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებულ დაცვას ბოლო წლებში.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზადაა, დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისგან.
„ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ NATO არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნითა და მეტი შესაძლებლობებით მომავალ სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამბოხებამ აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის „უკანონო ომმა“ რუსეთში განხეთქილება გააღრმავა.
„ამავდროულად, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. ასე რომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.