აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ძალადობას შორის - ნინო წილოსანი
ვისურვებ, არც პოლიტიკოსმა და არც ჟურნალისტმა არ გადაკვეთოს წითელი ხაზები, ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება, არ გაუვა არავის, არასდროს გავატარებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი“ წითელი ხაზია და ამას „საკადრისი სიტყვიერი პასუხი" ექნება მათი მხრიდან.
„სრულიად აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ნებისმიერი ჩემი თანაგუნდელის განცხადებასა და ამ ფაქტს შორის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები, ყოველ შემთხვევაში, ვისურვებდი ის ფონი, რომელიც არსებობს ამ დაპირისპირების და სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ მათი მომხრე ჟურნალისტების მხრიდან... ვისურვებდი, იყოს ტემპერატურა დაწეული. რაც შეეხება „ქართული ოცნების" განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც ამას არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა.
ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ ჩვენი მხრიდან წითელ ხაზებს და ვისურვებ, არც პოლიტიკოსმა და არც ჟურნალისტმა არ გადაკვეთოს თავიანთი მხრიდან ის წითელი ხაზები, რომელიც ვთქვით, ეს არის ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება, რომელიც არ გაუვა არავის და არასდროს გავატარებთ ამ კომენტარს, ყოველთვის ექნება საკადრისი პასუხი პარლამენტში სიტყვიერად“, - განაცხადა წილოსანმა.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ- ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეს გუშინ თავს დაესხნენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ნაცემია მათი სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი დავით ოსიყმიშვილი.