ცემის მიზეზია, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად - მოქალაქე, ნიკოლოზ გუგეშაშვილი აღიარებს, რომ მიშა მშვილდაძეს თავსდაესხა
მოქალაქე, ნიკოლოზ გუგეშაშვილი აღიარებს, რომ "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს მან სცემა.
მისივე მტკიცებით, არსად დამალვას არ აპირებს.
"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ", - აცხადებს გუგეშაშვილი.
მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. ტელეწამყვანი ყვება, რომ ზურგიდან დაარტყეს, რის შემდეგაც კიბეზე დაეცა და ვეღარ დაინახა ერთი პირი ურტყამდა თუ რამდენიმე. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მიშა მშვილდაძეს გუშინ ღამით აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ექსპერტიზა.