თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან - თამარ კორძაია
თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან. ის, ვინც კულტურის სფეროს დაეჯახება, ამ ომს ასე იოლად ვერ მოიგებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე კულტურის სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს.
"საკითხი ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ასევე კინოცენტრში, სამუზეუმო სივრცეებში, თეატრებში მიმდინარე მოვლენებს. ამ სფეროს წარმომადგენლები ცალსახად ხაზს უსვამენ იმას, რომ ერთი მეთოდით, ერთი საბჭოური სტილით ხდება განდევნა თავისუფალი ადამიანების ამ სივრცეებიდან. ცალსახაა, რომ თეა წულუკიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განდევნოს თავისუფალი აზრი კულტურის ყველა სფეროდან. ის, ვინც კულტურის სფეროს დაეჯახება, ამ ომს ასე იოლად ვერ მოიგებს, ყველა ადამიანი ვინც თვლის, რომ ქართული კულტურა საფრთხეშია, უნდა გაერთიანდეს და ხმამაღლა ილაპარაკოს ამ პრობლემებზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება," - განაცხადა კორძაიამ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში კულტურის კომიტეტის ოპოზიციონერი წევრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართველ ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ითხოვს კულტურის კომიტეტზე მათთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა გაიმართოს. შესაბამისი წერილით ისინი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ.