თქვა, რომ რუბიკის კუბს 3700 მეტრის სიღრმეზე ტიტანიკთან ააწყობდა და მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა - რას ამბობს წყალქვეშა ნავზე დაღუპული 19 წლის დავუდის დედა?
ტიტანიკისკენ მიმავალი წყალქვეშა ნავის 19 წლის მგზავრმა, სულემან დავუდმა მგზავრობისას თან რუბიკის კუბი და კამერა წაიღო, რათა მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა და ეს მომენტში აღებეჭდა. ამის შესახებ მისმა დედამ, BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სულემანს კუბი ისე უყვარდა, რომ ყველგან თან დაატარებდა.
„მან თქვა, რომ რუბიკის კუბს 3700 მეტრის სიღრმეზე ტიტანიკთან ააწყობდა და მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა", - აღნიშნავს ქრისტინ დავუდი.
კრისტინ დავუდის თქმით, შვილის ნაცვლად ბორტზე თავად უნდა ყოფილიყო. ცოლ-ქმარმა წყალქვეშა ნავის ბილეთები გაცურვამდე დიდი ხნით ადრე შეიძინეს და ტიტანიკის ნახვას ერთად აპირებდნენ, თუმცა ქალმა გადაწყვიტა, რომ ადგილი სულემანისთვის დაეთმო, რადგან მამასთან ერთად წასვლა ძალიან უნდოდა.
კრისტინი ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული, როდესაც წყალქვეშა ნავის გაუჩინარების შესახებ შეიტყო. მისი თქმით, თავდაპირველად ეს ფაქტი ვერ გაიაზრა, საბოლოო იმედი კი გაუჩინარებიდან 96 საათის გასვლის შემდეგ დაკარგა. დავუდი ამბობს, რომ სულემანის პატივსაცემად ქალიშვილთან ერთად რუბიკის კუბიკის აწყობის სწავლას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახური და კომპანია OceanGate ადასტურებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია. ბორტზე მყოფ 5 მგზავრს შორის მამა-შვილი შაჰზადა და სულემან დავუდებიც იყვნენ.