ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეთ - რა არის ხშირად დასმული კითხვები?
რა უნდა იცოდეს 2023 წლის გამოსაცდელმა საგამოცდო პროცესის შესახებ?- აქტუალური კითხვებისა და პასუხების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რა უნდა ვიქონიოთ თან გამოცდებზე?
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.
სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.
როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაწყებულია. საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
აბიტურიენტებისათვის კოვიდ რეგულაციები 2023 წელსაც მოქმედებს?
აბიტურიენტებისათვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
ვარ აბიტურიენტი. რა შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო დამატებითი ტესტირების ჩატარება?
ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.
აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე.
რა წესები უნდა დავიცვათ ტესტირების პროცესში და რა შემთხვევაში შეიძლება მოვიხსნა გამოცდიდან?
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
• გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
• დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
• დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
თუ გამოცდაზე ადგილი ექნება პროცედურულ დარღვევას, შევძლებ მის გასაჩივრებას? და რა ფორმით?
გამოსაცდელს ასეთ შემთხვევაში შეუძლია შეიტანოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიის სახელზე საპრეტენზიო განაცხადი გამოცდის დასრულებისთანავე, იმავე შენობაში, რომელშიც ჩაუტარდა გამოცდა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 2 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილება აპლიკანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს.
რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?
ნაშრომი არ სწორდება, თუ:
პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს; პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
ატესტატის წარდგენა გამოცდებისათვის მჭირდება?
თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.