თეგებით ძიება

`შეგნებულად არ ვწერ იმ სკოლების დასახელებებს, სადაც ეს მოხდა... განსაკუთრებით საგანგაშოა...“ - ნიკა ჩერქეზიშვილი

პოეტი, პარტია “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“რაც განათლების საკითხებზე ვმუშაობ, დღეს პირველად შევეჩეხე ღია აგრესიას.

სოციალურ ქსელში კი იყო არაერთი შემოტევა, მაგრამ ამას სერიოზულად არც აღვიქვამდი და არც ახლა აღვიქვამ.

უშუალო, ფიზიკური აგრესია უკვე დამაფიქრებელია.

შეგნებულად არ ვწერ იმ სკოლების დასახელებებს, სადაც ეს მოხდა.

და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, ამაში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც და მთლად უარესი – დირექტორი.

თანამდებობის პირი, რომელიც ავანგარდში უნდა იდგეს სკოლაზე ზრუნვის მიმართულებით, ფაქტობრივად პანიკაში იყო, რომ ჩემს სიუჟეტს საქმე არ გაეფუჭებინა მისთვის.

არანაირი ტენდერი არ ჩავარდნილაო, იმეორებდა დაუსრულებლად და რომ ვაჩვენებდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მაინც ვერ წყნარდებოდა.

სკოლა დარჩა რეაბილიტაციის გარეშე და ეს კი არ ადარდებდა, მხოლოდ საკუთარი თავი და თანამდებობა.

ლაივიც შეგნებულად არ ჩავრთე, იმდენად ცუდად გამოჩნდებოდა თვითონ ეს ადამიანი.

თან სასაცილო, თან სატირალი ის იყო, რომ რადგან მაისური მეცვა, არასერიოზულად მიმიჩნია და ძალიან აგდებულად ლაპარაკებოდა, დრეს-კოდს უნდა იცავდეო.

ე.ი. მაინცდამაინც ჰალტუხი უნდა წაიჭირო ყელზე, რომ პატივისცემას იმსახურებდე.

უკვე სახეზეა, რასთანაც გვაქვს საქმე, მოწიწება ფორმისადმი და არა შინაარსისადმი.

მე არ ვიცი, როგორ უნდა მართავდნენ ასეთები ან სკოლას, ან მოსწავლეებს რა მაგალითი უნდა მისცენ, რა უნდა ასწავლონ.

ძალიან დამთრგუნველი სიტუაციაა.

შეუძლებელია მსგავს გარემოში ლაღი თაობის გაზრდა.

უბრალოდ, შეუძლებელია!

ვიდრე სკოლები არ გათავისუფლდება პარტიული დიქტატისგან, ვიდრე დირექტორები და მასწავლებლები არ იქნებიან აბსოლუტურად თავისუფლები და დამოუკიდებლები, ვიქნებით ამ ჭაობში.

სრული, ფუნდამენტური, გენერალური რეორგანიზაცია სჭირდება განათლების სისტემას და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი.

რაც უკვე უფროსების საქმეა, ჩვენი საზრუნავი და მოსაგვარებელია, რადგან ამ ყველაფერს ეწირებიან ბავშვები, რომლებიც, სამწუხაროდ, სრულიად დაუცველები არიან”, - წერს ჩერქეზიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა