12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს, მოსამართლემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა
12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს, ქუთაისში მოსამართლე, ციცინო მოსიძემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც, განაჩენის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლით გამოსაცდელ ვადად.
"დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება", – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე.
განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძემ 2021 წლის 9 აპრილს გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
"სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს". – ნათქვამია "ბათუმელების" მიერ მოპოვებულ განაჩენში.