თეგებით ძიება
30. 06. 2023 სპორტი

რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა, ჩვენც გვაქვს კოზირები და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ - რამაზ სვანაძე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 1 ივლისს, დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა.

"რთულ თამაშს ველოდებით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ მეტოქეს. ისრაელს, ბოლო პერიოდში დიდი წინსვლა აქვს ფეხბურთში, განსაკუთრებით ახალგაზრდულ დონეზე. რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს - კიდევ ერთხელ გვსურს გულშემატკივრების გახარება და დადებითი შედეგის მიღწევა. ჩვენთვის მთავარი ერთიანობის, გუნდურობის და სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება იქნება, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოგვარჩევდა.

შემთხვევით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერავინ მოხვდება. ისრაელის ნაკრებიც გუნდურობით გამოირჩევა. მივიღეთ მეტოქე, რომელმაც დაიმსახურა ამ ეტაპზე ყოფნა. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გვაქვს ამ გუნდთან თამაშის გამოცდილება. გორში, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ხვალ განსხვავებული შინაარსის თამაში იქნება. ეს არის პლეი-ოფი, სადაც არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი რამ იქნება ფეხბურთელების მომზადების დონეზე დამოკიდებული. ბრძოლისუნარიანი გუნდია, თუმცა ჩვენც გვაქვს კოზირები და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - განაცხადა რამაზ სვანაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა