თეგებით ძიება
01. 07. 2023 სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდური ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს.

ფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას იოლად, 4:1 აჯობა. თავიანთი ბრძოლები მოიგეს გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა, მხოლოდ ეთერ ასკილაშვილი დამარცხდა, მაგრამ ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ფინალამდე შერეულმა ნაკრებმა თავიდან მერვედფინალში ხორვატიის ნაკრები 4:1 დაამარცხა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, სოფიო სომხიშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა, ხოლო ერთადერთი მარცხი ეთერ ასკილაშვილმა განიცადა.

მეოთხედფინალში საქართველომ თურქეთის ნაკრებიც იოლად დაამარცხა, ისევ - 4:1. ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ბექაურმა და თუშიშვილმა იმარჯვეს, ხოლო სომხიშვილმა თურქ მეტოქესთან წააგო.

ნახევარფინალში საქართველოს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ გამარჯვება მაინც მოახერხა - 4:3. სომხიშვილმა, შავდათუაშვილმა, ბექაურმა და თუშიშვილმა მოიგეს თავიანთი ბრძოლები, ასკილაშვილი, ლიპარტელიანი და თუშიშვილი დამარცხდნენ. გურამმა გადამწყვეტი, დამატებითი მე-7 ბრძოლა მოიგო და საქართველოს ნაკრები ფინალში გაიყვანა. ამრიგად, ძიუდოისტთა ნაკრებმა საქართველოს ევროპულ თამაშებზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს ნაკრების აქტივში ევროპულ თამაშებზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა