თეგებით ძიება

არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა და კაციშვილი არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. რიკოთზეც იგივე სიტუაციაა - ნინო ჩხობაძე

რიკოთის უღელტეხილზე მეწყრული პროცესები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდა - ქვაცვენისა და მეწყრული პროცესების გამო ტრანსპორტის მოძრაობა რამდენჯერმე აიკრძალა. რამდენად უსაფრთხოა რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მდგომარეობის გამოსასწორებლად და ვის ეკისრება მომხდარის გამო პასუხისმგებლობა? ამ საკითხებზე Tia.ge-სთან "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ისაუბრა:

- რიკოთის უღელტეხილზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა დამატებითი გამაგრებების სწორად გაკეთება. სხვა შემთხვევაში პრობლემები გაგრძელდება. 

- დამატებითი გამაგრებების სწორად გაკეთებას  რამდენი ხანი დასჭირდება?

- სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ბოლო დეტალები არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ფერდობებზე არასწორი გამაგრებები ხდება. 

- 1 ივლისს მარელისის რკინიგზის სადგურთან მეწყერი ჩამოწვა და სარკინიგზო მაგისტრალი დააზიანა. გამოდის, რომ უსაფრთხო არც მატარებლით მგზავრობაა?

- ის რომ მატარებლის ლიანდაგები დაიტბორა, სრული კატასტროფაა და ეს იმიტომ მოხდა, რომ რეკონსტრუქცია გამოუცდელმა კომპანიამ განახორციელა. 

- ასეთ შემთხვევებზე ვინმე პასუხისმგებლობას იღებს? 

- არავინ! ასეა შედგენილი კანონმდებლობა! ყველას ის აინტერესებს რა გვეშველება. თუ გარემოს დამცველებს არ დავუჯერებთ, თუ სპეციალისტებს არ მოვუსმენთ და გამაგრებით სამუშაოებს არ ჩავატარებთ, რა უნდა გვეშველოს? თბილისში 10 მეწყერი გვაქვს. იცით, რამდენი ვიყვირე ამაზე, მაგრამ რა გამოვიდა? შეიძლება საქმე მარტო იურისტებმა აკეთონ? იურისტებს და იურიდიულ კომპანიებს არაფერს ვერჩი, მაგრამ არ შეიძლება ასეთ უწყებებში არაპროფესიონალების მუშაობა. არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა და კაციშვილი არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. რიკოთზეც  იგივე სიტუაციაა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა