მოსწავლე სკოლის გამოცდის ნაცვლად, აბიტურიენტების საგამოცდო ცენტრში მივიდა - რა მოხდა ბათუმში?
ბათუმის მე-14 საკარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც დღეს აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება მე-10 კლასის მოსწავლე მივიდა და განაცხადა, რომ გამოცდას აბარებს. ამის შესახებ Edu.aris.ge ავრცელებს.
ყველაფერი მშვიდობიანად და ღიმილით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ამ მოსწავლესაც გამოცდა ჰქონდა, თუმცა სკოლის გამოცდა.
რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, მოსწავლესა და მშობელს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ განუმარტა, რომ ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრია და სხვა შენობაში გადაამისამართა.
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 14 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, არ ყოფილა დაგვიანების არცერთი შემთხვევა.
2023 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტები უკვე საგამოცდო სექტორებში იმყოფებიან და მუშაობენ. ქართულში გამოცდა დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.