ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - როგორი ამინდია მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე მიმდინარე ზაფხულში მოსალოდნელ ტემპერატურაზე საუბრობს.
სვეტლანა ნიორაძის თქმით, ივლისისა და აგვისტოს ცალკეულ დღეებში, ტემპერატურამ, შესაძლოა, +40 გრადუსამდეც მიაღწიოს.
"ივლისში ამინდის პროგნოზი მოსალოდნელია 1-2 გრადუსით მაღალი იყოს საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე. ჰაერის ტემპერატურამ თვის ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, მოიმატოს +40 გრადუსამდე. ნალექი მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, ნორმის ფარგლებში, ზოგან, შესაძლოა, ნორმაზე მეტიც იყოს. ივლისის და აგვისტოს თვეები მიიჩნევა საკმაოდ ცხელ თვეებად. ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ, შესაძლოა, მოიმატოს +39, +40 გრადუსამდე.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დარჩენილი 2 თვე იქნება ცხელი, 1 გრადუსით მაღალი ნორმაზე. ნალექების სურათი საკმაოდ ჭრელია - ზოგან მეტი იქნება, ზოგან ნაკლები, ზოგან ნორმის ფარგლებში და არ არის გამორიცხული, ხანმოკლე ელჭექის ხასიათიც ჰქონდეს. აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს," - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ ,,რუსთავი 2-თან".