თეგებით ძიება
03. 07. 2023 სპორტი

"ზუსტად 1 თვის წინათ ტაშს ვუკრავდით კვარაცხელიასაც და მიქაუტაძესაც და ახლა, მიწაში ჩავდეთ...“ - რას წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გარშემო ატეხილ კრიტიკას ეხმაურება და მათ მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

"მე ვფიქრობ, სრულიად უსამართლოდ ამუნათებენ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს იმიტომ, რომ არ იასპარეზეს 21-წლამდელთა ევროპირველობაზე.

მესმის იმ გულშემატკივრების, რომლებსაც ნაკრებისგან უფრო მეტის მიღწევა უნდოდათ, მეც მათ შორის ვარ, მაგრამ არ მგონია, ნახევარფინალში გაუსვლელობის გამო ხვიჩა-გიორგის უნდა შევდგეთ. 

ბიჭები ადამიანები არიან და არა რობოტები. როცა წინ ურთულესი და უმძიმესი სეზონი გქონდა, შესაძლებლობების ზღვარი, ადამიანის გადაწვისა და ტრავმების რისკი არსებობს.

ერთის გუნდი იტალიის პირველობისკენ იქაჩებოდა, მეორე - საფრანგეთის მთავარ ლიგაში გადასვლისკენ.

ერთი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეორე - საფრანგეთის ლიგა 2-ის.

ზუსტად 1 თვის წინათ ტაშს ვუკრავდით კვარაცხელიასაც და მიქაუტაძესაც და ახლა, ლამის მიწაში ჩავდეთ.

მარადონამ და მოდრიჩმა ითამაშეს 21-წლამდელებშიო, რომ ამბობთ, ჯერ ერთი, არც ყველა ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობაა ერთნაირი, არც ამდენი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული მათ ამ ასაკში 9 თვეში, რაც, მაგალითად, ხვიჩას ჰქონდა (იტალიის პირველობა, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრები).

რა გვინდა, არ დაისვენონ მძიმესეზონგამოვლილებმა? მთელი კარიერა შესწირონ ერთ არცთუ განსაკუთრებულ პირველობას?

არავინ იცის, ბიჭებს ახალგაზრდულ ევროპირველობაზე რომ ეთამაშათ, რა დღეში ჩავარდებოდნე. ანდაც, ნაკრებს იგივე შედეგისთვის რომ მიეღწია, რა უნდა გვეთქვა - კარგად ვერ ითამაშესო?

ძირითადი ნაკრების უფრო მნიშვნელოვანი თამაშების წინ რომ ტრავმები მიეღოთ, რა უნდა გვეთქვა? 

მიქაუტაძეს ახლა ახალი საფეხბურთო კარიერა ეხსნება და რამე რომ დამართნოდა?  ნახეთ, ჰო, რა უხეში თამაშები იყო პირველობაზე და რამდენი ყვითელი ბარათი (წითელიც) აფრიალდა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა არსებული შესაძლებლობებით მეტსაც კი  მიაღწია.

ისრაელთან კარში არც დაგვირტყამს. ეს ხვიჩა-გიორგის ბრალია? ამაზე არ ვიფიქროთ?

მე ვფიქრობ, უკეთესიც კი იყო, კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ რომ არ ითამაშეს. ამან სხვა ფეხბურთელებს, უმეტესად ევროპისთვის უცნობებს კარი გაუხსნა, უფრო შეამჩნიეს კიდეც, უფრო კარგადაც დავინახეთ დადებითი მხარეც და შეცდომა-სისუსტეებიც.

ამაზე რომ ვიმსჯელოთ, უფრო მართებულია, თორემ ბიჭების უთამაშებლობის გამო წაგების გადაბრალებით ვერ გავიზრდებით, ვერ დავიხვეწებით.

დაკიდევ, ხვიჩამაც და გიორგიმაც უკეთესად იციან საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები და იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ, რაც მათ ძალებს აღემატებათ.

მადლობა მათ მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი თამაშებისთვის და საფეხბურთო რუკაზე საქართველოს დაბრუნებისთვის", - წერს ფოტოგრაფი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე 21-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებში ვერ ვიხილეთ, რამაც მათ გულშემატკივრებში და საზოგადოების ნაწილში უდიდესი კრიტიკა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა